English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
რუსეთ-უკრაინის ომი და საქართველოს ეკონომიკა: არსებული ვითარება, გამოწვევები, დამოკიდებულების ხარისხი და პერსპექტივა

ანოტაცია. უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდგომი პერიოდი მსოფლიო და, მათ შორის, საქარ­თველოს ეკონომიკისთვის, მთელი რიგი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.  ეს პრობლემები მეტ-ნაკლები გავლენით აისახება მოსახლეობაზე.  ჩნდება ეკონომიკის მდგრადი განვითარების შესაძლებლობა, რომელიც მიიღწევა სწორი და პრაგმატული პოლიტიკის გატარებით. ომის პერიოდში რუსეთისადმი დაწესებული სანქციების კვალდაკვალ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა „შუა დერეფნის“ კონცეფციამ, ენერგეტიკულმა და ლოგისტიკურმა პროცესებმა  და მასში საქართველოს როლის ზრდამ. შედეგად,  ვიღებთ უფრო გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას და გაზრდილ სავაჭრო შესაძლებლობებს. სწორედ აღნიშნული გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები არის განხილული აღნიშნულ სტატიაში.

საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო ვაჭრობა, ექსპორტი, იმპორტი, ფულადი გზავნილები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. 

შესავალი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მალევე წარმოიშვა მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა „სასურსათო ომი“ და „ნავთობის ომი“ უწოდეს. აღნიშნული პროცესები დღემდე გრძელდება, რაც გარკვეული სიძლიერით აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც.

ომის დაწყებიდან პირველსავე დღეებში მნიშვნელოვნად გაუფასურდა რუსული რუბლი, ასევე მკვეთრად გაუფასურდა რუსული კომპანიების აქციები. ამას მოჰყვა დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების დაწესება, კერძოდ, რუსული ფინანსური ინსტიტუტების SWIFT-დან გათიშვა, რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის უცხოური ვალუტის რეზერვებზე წვდომის შეზღუდვა და ანგარიშების გაყინვა, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერება, სტრატეგიული საექსპორტო საქონლის აკრძალვები, ენერგეტიკის სექტორის სანქციები, საჰაერო სივრცის დახურვა და ინდივიდუალური სანქციები.

გარდა დაწესებული სანქციებისა, არსებობს მთელი რიგი ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც გარკვეული დოზით ზეგავლენას ახდენენ ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნავთობის ფასები და გაურკვევლობა ფინანსურ ბაზრებზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს. როგორც ცნობილია, უკრაინა და რუსეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებად ითვლებიან. 2020 წლის მონაცემებით ამ ორ ქვეყანაზე მოდიოდა ხორბლის მსოფლიო ექსპორტის თითქმის მეოთხედი, ხოლო თავის მხრივ უკრაინის წილი ამ მონაცემში 8% შეადგენდა. საომარი სიტუაციის დაწყებისთანავე, ხორბლის საერთაშორისო ფასი გაიზარდა. აღნიშნულ ქვეყნებს მნიშვნელოვანი წილი უკავიათ ქერის, მზესუმზირის, თესლის, ზამბახისა და ბამბის ზეთის მსოფლიო ექსპორტშიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკრაინაში წარმოებული ხორბლის დიდი ნაწილი აზიასა და აფრიკაში რეალიზდება. ომმა ამ რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებაც რისკის ქვეშ დააყენა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც რუსეთი, ისე უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორები არიან ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი და ფულადი გზავნილები. შესაბამისად, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვან შემოსავლებს დაკარგავს. საგულისხმო ფაქტორი შეიძლება გახდეს უკრაინელი ლტოლვილების ნაკადის ზრდაც. ომის დაწყებიდან მალევე  უკრაინის მრავალ მოქალაქეს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი, რომლებ­მაც თავშესაფარი მეზობელ ევროკავშირის წვერ სახელმწიფოებში მიიღეს.

თუ რა გავლენა ექნება ომს ეკონომიკურ განვითარებაზე როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე, დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს საომარი ოპერაციების დამთავრების დრო. გარდა ზემოთ აღნიშნულისა არსებობს მთელი რიგი  საფრთხეები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ეკონომიკაზე, მათ შორის საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც შეიძლება ტერიტორიულად მცირე, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ შეგვიძლია განვიხილოთ. 

საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და დამოკიდებულების ხარისხი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში

საზოგადოდ, ნებისმიერი ტიპის საომარი ესკალაცია ნეგატიურად აისახება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც ძირითადად მაღალი ინფლაციით, სავალუტო თუ ლოგისტიკური პრობლემებით გამოიხატება. გარდა ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა, არსებობს სხვა მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც სახელმწიფოები აწყდებიან. გრძელვადიანი პერიოდის თვალსაზრისით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა სამი ძირითადი მიმართულებით ექნება. უპირველეს ყოვლისა გამოსაყოფია ის ფაქტი, რომ როგორც უკრაინა, ისე რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, განსაკუთრებით ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რუსეთთან მიმართებით 2022 წელი ამ სამი მიმართულებით მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, ეს მაინც მოკლევადიან ეფექტად უნდა ჩავთვალოთ, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მათი კლება უნდა ვივარაუდოთ. მეორე ძირითადი მიმართულება იმით გამოიხატება, რომ  რეგიონში მიმდინარეობს დაპირისპირება, რაც ინვესტორებისთვის არ არის მიმზიდველი. ყოველივე ამას ემატება რუსეთის მხრიდან დასავლეთისადმი წაყენებული ბრალდებები, გარკვეულწილად შანტაჟის ფორმები, რომელიც ეხება ერთი მხრივ ომში ჩართულ უკრაინას, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს. დაბოლოს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რუსეთისადმი დაწესებული სანქციები, რომელიც როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე მოახდენს  გავლენას, მათ შორის, დააზარალებს საქართველოს ეკონომიკასაც.  ამ ეტაპზე, შეუძლებელია იმის ზუსტი პროგნო­ზირება თუ რა დოზით დააზარალებს გრძელვადიან პერიოდში საომარი სიტუაცია ქვეყნის ეკონომიკას, თუმცა დღეს შეგვიძლია ზუსტი ასახვა იმისა, თუ რა მდგომარეობაა ერთი მხრივ საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო მეორე მხრივ, რა ეკონომიკური კავშირები გააჩნია ქვეყანას როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან ფულადი გზავნილების, ვაჭრობისა თუ ტურიზმის მიმართულებით.

მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და მწვავე გამოწვევების ფონზე, საქართველო აღმოჩნდა გარკვეულწილად მდგრადი და გაგრძელდა ის ეკონომიკური პროგრესი, რაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით აისახა.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 71754,2 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 19,6%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მონაცემს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა, 2021 წელთან შედარებით 10.1% შეადგინა. იმავე მონაცემებით, 2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტმა და დასაწყობებამ (28,4%), ინფორმაციამ და კომუნიკაციამ (49,9%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებამ (38,9%), მშენებლობამ (14,8%), საბითუმო და საცალო ვაჭრობამ; ავტომობილებისა და მოტოციკლეტების რემონტმა (6,1%), დამამუშავებელმა მრეწველობამ (7,8%), ხელოვნებამ, გართობამ და დასვენებამ (17,3%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობებმა (16,7%), სამთომომპოვებელმა  მრეწველობამ  (22,8%),  ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4,8%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება  (-5,7%), სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-2,4%).

მაღალი ეკონომიკური ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით იყო განპირობებული. მათ შორის უნდა გამოვყოთ საქონლის 31,8%-ით გაზრდილი  ექსპორტის მაჩვენებელი, 61%-ით  გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მნიშვნელოვნად გაზრდილი როგორც რეგისტრირებულ საწარმოთა, ისე დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები. ეკონომიკური ზრდის ფონზე სტაბილურობას ინარჩუნებს ეროვნული ვალუტა, რამაც უმოკლეს ვადაში ასახვა უნდა პოვოს ფასებზე.

თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მაინც მაღალი ინფლაცია რჩება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც ეკონომიკა ჩაკეტილი იყო. უპირველეს მიზეზად კი უნდა დავასახელოთ მიწოდების გლობალური ჯაჭვის დარღვევა, რამაც მიწოდების შემცირება გამოიწვია, ამ უკანასკნელმა კი – ფასების ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლისთვის ეკონომიკა გაიხსნა და აღდგა ეკონომიკური კავშირები, მაღალი ინფლაციის კუთხით მაინც დარჩა გარკვეული ტიპის პრობლემები, რასაც 2022 წლისთვის დაერთო რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რამაც გლობალური მიწოდების ჯაჭვს კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეუქმნა. ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება თუ რა ელის საქართველოს გრძელვადიან პერიოდში და რა ეკონომიკური ზიანის მომტანი იქნება რუსეთ-უკრაინის ომი როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის.  ანალიზის გასაკეთებლად შეგვიძლია დავეყრდნოთ იმ არსებულ მონაცემებს, თუ რა ეკონომიკური ურთიერთობები აქვს საქართველოს ერთი მხრივ უკრაინასთან, ხოლო მეორე მხრივ რუსეთთან, როგორია ამ ორი ქვეყნის წილი საქართველოს ეკონომიკაში და მაქსიმუმ რა ეკონომიკური ზიანის ან სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ გრძელვადიან პესპექტივაში. არსებული დამოკიდებულების ხარისხი სამი ძირითადი პარამეტრით უნდა განვსაზღვროთ, კერძოდ, საქონლით საგარეო ვაჭრობით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით.

ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო რუსეთზე გაცილებით მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე უკრაინაზე. ეს დამოკიდებულება გარკვეული საფრთხის შემცველად შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან ბოლო 30 წელიწადია რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, ხოლო შემდეგ აკრძალა ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. იმავე წელსვე განხორციელდა ქართველების დეპორტაცია, ხოლო 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. ყოველივე ამას დაემატა კოვიდ-19 პანდემია, რამაც ქვეყნებს შორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეამცირა, განსაკუთრებით კი ტურიზმის მიმართულებით. 2020 წლისთვის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა და მომსახურების ექსპორტიდან (მათ შორის ტურიზმიდან) შემოსავლები თითქმის 5 მლრდ. დოლარით შემცირდა. ამ მიზეზით შემცირდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხიც.

2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა. რუსეთზე დაწესებული მკაცრი სანქციები მისი ეკონომიკის შემცირებას იწვევს, რაც ასახვას პოულობს იმ ქვეყნებზე, რომლებთანაც მას მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნია. საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შესაფასებლად სამი ძირითადი მიმართულება უნდა გამოვყოთ: საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი და რუსეთში დასაქმებულთა ფულადი გზავნილები.

2022 წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და 651,6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 11,65%-ია. ეს უკანასკნელი კი 2,73%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. ექსპორტის წილის შემცირება განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ექსპორტი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე თვითონ რუსეთში ექსპორტი. რაც შეეხება იმპორტს, 2022 წელს რუსეთიდან განხორციელებული იმპორტმა 1,835.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 79 %-ით მეტია წინა 2021 წლის მაჩვენებელზე. რუსეთის წილმა მთლიან იმპორტში კი 13,51%  შეადგინა, რაც 3,38%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით 2022 წლისთვის საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 13% რუსეთზე მოდიოდა, ეს  მაჩვენებელი  ბოლო 16 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს.

2022 წლისთვის ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს მიეკუთვნება ღვინო (161 მლნ. აშშ დოლარი), მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები  (109 მლნ. აშშ დოლარი), შემდეგ მოდის უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი  (90 მლნ. აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომობილები (76 მლნ. აშშ დოლარი). ცალკე უნდა ვისაუბროთ ქართულ ღვინოზე, რომელზე მოთხოვნაც რუსულ ბაზარზე საკმაოდ მაღალია.  როგორც აღინიშნა, 2022 წელს რუსეთში ექსპორტირებულია 161 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. გაიზარდა საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი და 64%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ბოლო 10 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს.

რაც შეეხება იმპორტს, ამ მიმართულებით რამდენიმე მიმართულება უნდა გამოვყოთ, კერძოდ, ნავთობპროდუქტები (623 მლნ. აშშ დოლარი), ხორბალი და ხორბლის ფქვილი (128 მლნ. აშშ დოლარი), ბუნებრივი აირი (ძირითადად  გაზი; 112 მლნ. აშშ დოლარი), ქვანახშირი და კოქსი  (78 მლნ. აშშ დოლარი) და ზეთი და მარგარინი (76 მლნ. დოლარი). იმპორტში ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე მნიშნელოვან დარგზე, რომლთა წილი ბოლო წლებში ტრადიციულად მაღალია.

საქართველო ძირითადად რუსულ ხორბალსა და ფქვილზეა დამოკიდებული. 2021 წლისთვის შემოვიდა 87 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა ხორბალი, რაც საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 94% იყო. თუმცა არსებითი ცვლილება მოხდა 2022 წელს, რაც გამოიხატა იმით, რომ ხორბლის მაგივრად უკვე ხორბლის ფქვილის იმპორტის განხორციელება დაიწყო. აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზეზი იყო რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული მაღალი გადასახადები ხორბლის ექსპორტზე. შედეგად  მივიღეთ ის, რომ 2022 წელს საქართველოში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა ხორბლის ფქვილის იმპორტი, ხოლო 30%-ით შემცირდა თვითონ ხორბლის იმპორტი. ჯამში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის იმპორტმა ამავე კატეგორიის საქონლის 97% შეადგინა. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს ის, რომ რუსულ ხორბალს და ხორბლის ფქვილს საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 78 % უჭირავს [PMCG, 2021: გვ. 7].

ბოლო რამდენიმე წელია რუსეთის ელექტროენერგიის წილი დიდი აღარ არის, 2021 წელს  აღნიშნული წილი მხოლოდ 1,8% იყო [ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 წლის ენერგეტიკული ბალანსი], მთლიან იმპორტში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტრო­ენერგიის წილი 1,8%-ია, ხოლო მთლიან იმპორტში კი 25%. 2022 წლისთვის საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიიდან რუსეთიდან იმპორტირებულია 2,6%, ხოლო ელექტროენერგიის მთლიან იმპორტში კი 24% [ელექტროენერგეტიკული ბაზრის  ოპერატორი, 2022 წლის ენერგეტიკული ბალანსი].

რომ შევაჯამოთ საგარეო ვაჭრობის კუთხით, განსაკუთრებით კი ექსპორტის თვალსაზრისით, რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი შემცირების ტენდენციისკენ მიემართება, რადგან გაიზარდა სხვა ქვეყნებში ექსპორტირებული საქონლის რაოდენობა, თუმცა  ეს არ ეხება ღვინის ბაზარს, მისი დამოკიდებულების ხარისხი მკვეთრად არის გაზრდილი, რაც გარკვეული თვალსაზრისით, რისკის მატარებელია. რაც შეეხება იმპორტს, აქ სურათი სრულიად საპირისპიროა, რადგან საქონლის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ძირითადად, საავტომობილო საწვავისა და კვების პროდუქტების ზრდის გამო.

კოვიდ-19-ის პანდემიამდე შემოსავლების მხრივ, საქართველო ყველაზე მეტად რუსეთზე იყო დამოკიდებული. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2019 წლისთვის 1,471 მლნ. რუსი ტურისტი შემოვიდა, ხოლო შემოსავლის სახით 776 მლნ. აშშ დოლარი მიიღო.  პანდემიის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და 2021 წლისთვის მათმა რაოდენობამ 212,9 ათასი ვიზიტორი შეადგინა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა – 151,7 მლნ. აშშ დოლარი.

2022 წლიდან პანდემიასთან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა, შესაბამისად, მკვეთრად იმატა როგორც რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა, ასევე რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯულმა თანხებმა, თუმცა ეს მაჩვენებელი მკვეთრად ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს.  იმისთვის, რომ ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას ტურიზმის ზრდის ობიექტურ შეფასებაზე, შედარება უნდა გაკეთდეს სწორედ რომ 2019 წელზე. 2022 წელს საქართველოში 1,087.2 მლნ. რუსი ტურისტი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 26,1%-ით ნაკლებია, თუმცა  2022 წელს რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბერში ვიზიტორების რიცხვმა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა. 2022 წელს შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს ვიზიტორების ჯამური მაჩვენებელის 20%-ია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 4,3%-ით აღემატება. 2022 წლის ეს მაჩვენებელი საქართველოს ჯამური ვიზიტორების რაოდენობაში ბოლო ათწლეულის მაქსიმალური რაოდენობაა. ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვს რუსი ვიზიტორებისგან მიღებულ შემოსავლებს. 2022 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 891 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჯამურად  საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლების 25,34%-ია. აღნიშნული 891 მლნ. აშშ დოლარი 5,8-ჯერ აღემატება 2021 წლის, ხოლო დაახლოებით 14%-ით 2019 წლის მაჩვენებელს.

საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ის ფულადი გადმორიცხვები, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან ხორციელდება, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2012 წლიდან 2021 წლამდე შეინიშნება მათი მნიშვნელოვანი კლება. თუ 2012 წელს რუსეთის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 56,01% იყო, 2021 წელს 17,51%-მდე დაეცა. აღნიშნული ტენდენციების ორი ძირითადი მიზეზია რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების წლიდან წლამდე შემცირება, ხოლო სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების ზრდა.

რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ 2022 წლისთვის 2067,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ფულადი გადმორიცხვების 47,3%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით იგი თითქმის 5-ჯერ გაზრდილია. ამ მოვლენის ძირითად მიზეზად რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დავასახელოთ. ამავდროულად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი ნაკადები, რომლებსაც ან თვითონ გადმოაქვთ თავიანთი დანაზოგი, ან რუსეთიდან უგზავნიან სწრაფი გზავნილების სახით. ერთი შეხედვით, რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დატოვეს ქვეყანა და მეზობელ ქვეყნებს მიაშურეს, რადგან ისინი რუსეთში დაწესებულ სანქციებს და მობილიზაციას გაურბიან. მათმა ნაწილმა კი საქართველოში ხანგრძლივი დროით დარჩენა გადაწყვიტა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ფულადი გზავნილების ასეთი მკვეთრი ნახტომი წარმოადგენს ერთჯერად ფაქტორს და სამომავლოდ მიახლოებით ან იგივე ნიშნულზე დარ­ჩება, ან შემცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან განსხვავებით  საქართველო უკრაინაზე შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული, უკრა­ინა (ისევე როგორც რუსეთი)  საქართველოს ერთ-ერთი მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება და შესაბამისად სავაჭრო ურთიერთობებიც მასთან მზარდი იყო. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის 2022 წელს ომში ჩართული უკრაინა მე-9 ადგილზე იყო 2,7%-იანი წილით,  2021 წლისთვის კი ის ამ რეიტინგში მე-6 ადგილზე იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგა­რეო ვაჭრობის 2022 წლის მონაცემებით, უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვამ 2022 წელს 518 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31,7%-ით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე. ოფიციალური სტატისტიკით უკრაინა მოწინავე ათეულშია საქონლის ექსპორტის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ  2021 წელთან შედარებით საქონლით ექსპორტი  25%-ით შემცირდა, 2022 წელს მან 232 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 4,15%-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები  იყო, რაც მთლიანად რეექსპორტს წარმოადგენს. ამ უკანას­კნელის წილი 51,6%-ს შეადგენს. სხვა ექსპორტირებულ საქონლიდან აღსანიშნავია   მსუბუქი ავტომობილები (119,8 მლნ. აშშ დოლარი), ეთილის სპირტი არადენა­ტურირებული (24 მლნ. აშშ დოლარი), ნავთობი და ნავთობპროდუქტები  (14 მლნ. აშშ დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოები  (13 მლნ. აშშ დოლარი), აზოტოვანი სასუქები (13 მლნ. აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (9,5 მლნ. აშშ დოლარი), ფეროშენადნობები  (7,8 მლნ. აშშ დოლარი), პოლიმერები ეთილენისა (3,9 მლნ. აშშ დოლარი), სამარჯვები ორთოპედიული და  სხეულის სხვა ხელოვნური ნაწილები (2,9 მლნ. აშშ დოლარი) პირადი მოხმარების ნივთები (2,1 მლნ. აშშ დოლარი). გარდა ზემოთ აღნიშნული საქონლისა, უკრაინაში ექსპორტირებულია  სხვადასხვა ტიპის პროდუქცია, თუმცა მიღებული შემოსავლები თითოეულის შემთხვევაში არ აღემატებოდა 1 მლნ. აშშ დოლარს.

   ექსპორტისგან განსხვავებით, უკრაინას ვერ ვხვდებით უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების ათეულში, მაშინ როდესაც  2021 წელს აღნიშნული ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებდა და ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ქვეყნად ითვლებოდა. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წელს უკრაინიდან იმპორტირებულია 285 მლნ. აშშ დოლარზე ოდნავ მეტი პროდუქცია, რაც წინა 2021 წელთან შედარებით 37%-ით არის შემცირებული. ეს მა­ჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში  ყველაზე დაბალია. რაც შეეხება კონკრეტულ სასაქონლო პოზიციებს, უნდა გამოვყოთ მსუბუქი ავტომობილები  (20.1 მლნ. აშშ დოლარი), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები  (15,7 მლნ. აშშ დოლარი), სიგარები, სიგარილები  (12 მლნ. აშშ დოლარი), კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები (10.5 მლნ. აშშ დოლარი),  შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები  (10,2 მლნ. აშშ დოლარი), პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი  (7,5 მლნ. აშშ დოლარი), შინაური ფრინველი ხორცი და კვების სხვა სუბპროდუქტები  (7 მლნ. აშშ დოლარი) საცობები, ხუფები და სახურავები  (6 მლნ. აშშ დოლარი), ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადის ფოლადისგან  (5,6 მლნ. აშშ დოლარი).

2012 წლიდან უკრაინიდან განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა იზრდებოდა. შესაბამისად იზრდებოდა მათი პროცენტული წილი მთლიან გზავნილებში, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე იგი მკვეთრად შემცირდა და 10,994.2 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის 90%-იან კლებას ნიშნავს, ხოლო მისი წილი მთლიანი გზავნილების მოცულობაში 2021 წლის თითქმის 4%-იან წილიდან 2022 წელს 0,29%-მდე შემცირდა.

ფულადი გზავნილებიდან სრულიად განსხვავებული სიტუაცია არის ტურიზმთან  მიმართებით. 2022 წელს საქართველოში შემოსული ვიზიტორების მხრივ უკრაინა მე-5 ადგილს იკავებს 168915 ვიზიტორით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,5%-იან ზრდას ნიშნავს. მისმა წილმა მთლიან ვიზიტორებში კი 3,11% შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2021 წელს უკრაინა ვიზიტორების მხრივ მე-4 ადგილზე იყო. უკრაინული საერთაშორისო მოგზაურობიდან  2022 წლისთვის შემოსულია 282,3 მლნ. აშშ დოლარი, რაც მთლიანი შემოსავლების 8,03%-ს შეადგენს.                 

საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა და მთავარი გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში

რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოს არსებული გამოწვევების ფონზე? ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგრამ  უნდა გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპისა და აზიის  დამაკავშირებელი რამდენიმე სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტი,  მათგან ერთ-ერთი კი ე.წ. „შუა დერეფანია“, რომელიც ადრიდანვე მიჩნეულ იქნა  ძველი აბრეშუმის გზის ნაწილად, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაზე გამავალი მარშრუტები ბევრად ნაკლებ ტვირთს ატარებდა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან რუსეთის გავლით აკავშირებდა. რუსეთ-უკრაინის საომარმა ესკალაციამ განაპირობა ის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ დაიწყო ფიქრი საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში ძირეული ცვლილებების შეტანაზე. შედეგად კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა შეიძინა შუა დერეფნის (middle corridor) იდეამ, რომელიც მოიცავს ცენტრალური აზია-კავკასიის სატრანსპორტო დერეფნებს და წარმოადგენს ევროპა-აზიის სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილს.

2017 წლის მონაცემებით, ევროპასა და აზიას შორის გადაზიდული კონტეინერების (TEU) მოცულობა დაახლოებით 22 მილიონია, საიდანაც 15 მილიონი ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გადაიზიდება, ხოლო 7 მილიონი უკუმიმართულებით. სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობა აღნიშნულში ძალიან მცირეა. ეს უკანასკნელი კი ხორციელდება მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კორიდორის (EAEC) გავლით, საიდანაც დაახლოებით 70% პირდაპირ ჩინეთი-რუსეთის გავლით, ხოლო დანარჩენი 30% ჩინეთი-ყაზახეთი-რუსეთის გავლით გადაიზიდება. შუა დერეფნის გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა ძალზე უმნიშვნელოა. აზია-ევროპის სარკინიგზო გადაზიდვებს თავისი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია, რაც მის სისწრაფეში გამოიხატება, ანუ თუ  საზღვაო გადაზიდვებს ჩინეთიდან ევროპამდე 35 დღე სჭირდება, სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში დროის ეს ინტერვალი ნახევრდება, სამაგიეროდ, სარკინიგზო გადაზიდვების ფასი დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე საზღვაო გადაზიდვებისა. აღნიშნულმა ფაქტორმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სატრანსპორტო სახეობებისა თუ მარშრუტების შერჩევაზე, რაც იმას მიანიშნებს, რომ მაღალი ღირებულების საქონლისთვის სწრაფი და სანდო მარშრუტების წილი გაიზრდება.

გრძელვადიან პერსპექტივაში შუა დერეფანი განხილულ უნდა იქნეს ევროპა-ჩინეთის გადაზიდვების ალტერნატივად. საქართველოს  ამ პროექტში ეფექტიანობის ზრდის თვალ­საზრისით გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, რადგან ერთი მხრივ საქართველო წარმოადგენს უმოკლეს დამაკავშირებელ ქვეყანას ევროპა-აზიის საზღვაო კავშირში, ხოლო მეორე მხრივ მას შეუძლია გახდეს სატრანსპორტო ჰაბად და გადაიქცეს ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად. 

საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ ფუნქციას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და საერთაშორისო ბაზრებზე სრული ინტეგრაციისთვის. მასვე შეუძლია ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს საქართველოს და შექმნას დამატებითი ღირებულება იმ სატრანზიტო ტვირთებზე, რომლებიც საქართველოს გავლით იმოძრავებენ. ამ ძირითადი მიზნის მისაღწევად კი საჭიროა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში საერთაშორისო მართვის პრაქტიკაში გამოყენება. ამავდროულად, იმისთვის, რომ შუა დერეფანი ჩამოყალიბდეს როგორც ერთიანი ქსელი, საჭიროა მასში ჩართული ქვეყნების მიზანმიმართული რეგიონალური ძალისხმევა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში შუა დერეფანში გარკვეული აქტიურობა შეინიშნება, აღნიშნული კორიდორის წილი ამ ეტაპზე უმნიშვნელოდ გამოიყურება, რაც მის სიძვირესა და არასანდოობაში უნდა ვეძიოთ. შუა დერეფნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასევე უნდა დავასახელოთ, კასპიის ზღვაზე საბორნე მომსახურების სიძვირე, შავი ზღვის პორტების დაბალეფექტიანობა და არასანდოობა. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ ბოლო სამ წელიწადში უამინდობის გამო საქართველოს პორტები საშუალოდ 70 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია და ხელი შეუწყო ტვირთნაკადის სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილებას. შუა დერეფნის სიძვირე გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, კერძოდ, ინფრასტრუქტურული და საზღვრის კვეთის ბარიერებით, ასევე დერეფნის ოპერირების დაბალეფექტიანობით, რაც ზრდის როგორც გადაზიდვის ფასს, ასევე არაპროგნოზირებადს ხდის თვითონ გადაზიდვის პროცესს. 

ბოლო წლებში კორიდორის ოპერირების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა. ნავარაუდევია, რომ 2030 წლისთვის ტვირთის გამტარუნარიანობამ 33 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის შემდეგ აღნიშნული ტვირთბრუნვა დაახლოებით 50 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო ანაკლიის პორტის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას და შეამცირებს ტარიფებს. ფასის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება ახალი საზღვაო საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც გაზრდის პორტის გამტარუნარიანობას და ეფექტიანობას.

მნიშვნელოვან გამოწვევად უნდა ჩაითვალოს ინტერმოდალური გადაზიდვების განვითარება, რაც, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია კასპიისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ საკონტეინერო გადაზიდვების ეფექტიანობაზე. ინტერმოდალური ტრანსპორტის განვითარება მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა ჩაითვალოს პორტების ეფექტიანობის ზრდისა და სატრანსპორტო დერეფნის, როგორც ერთიანი ლოგისტიკური ქსელის,  განვითარებისთვის.

გარდა შუა დერეფნის მარშრუტისა, მნიშვნელოვან ასპექტად უნდა ჩაითვალოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიმართულება. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა პროექტი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ინიციატივა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით, რომლის სიგრძე 1195 კმ.  იქნება (საიდანაც 95 კმ. სახმელეთოა, ხოლო 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი), ხოლო სიმძლავრე –  1000 მგვტ. წყალქვეშა ნაწილი ასევე აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კომუნიკაციას რუმინეთსა და საქართველოს შორის. ამ პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილ იქნება ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, განახლებადი ენერგიის განვითარება, რაც გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლებს ევროპასა და კავკასიის რეგიონებს შორის. 

დასკვნა და შესაძლო რეკომენდაციები

ამ ომის ყველაზე ცუდი შედეგი იმის მოლოდინი შეიძლება იყოს, თუ რა მოხდება მომავალში. საეჭვოა, რომ ამ იმპერიალისტურ „თამაშში“ რომელიმე სახელმწიფომ დაინდოს საქართველო, ამიტომ ქვეყანა უნდა გაჰყვეს ნეიტრალური თუ სამშვიდობო პოლიტიკის გზას, რაც იმით შეიძლება გამოიხატებოდეს, რომ არ შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თავი აარიდოს გამაღიზიანებელ რიტორიკას და ა.შ. მსოფლიო თანამეგობრობა აცნობიერებს, რომ საქართველო მეტად რთულ მდგომარეობაშია და თუ უარესი სცენარის პროგნოზს გავაკეთებთ, საერთაშორისო ეკონომიკური კავშირები გაქრება, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა შემცირებას დაიწყებს.

რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების ხარისხს, დღესდღეობით საქართველო რუსეთზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, რადგან საომარი სიტუაციის დაწყებისთანავე მკვეთრად გაიზარდა რუსეთში ექსპორტი; მკვეთრი ზრდა არის როგორც რუსი ტურისტული ნაკადების, ისე მათგან მიღებული შემოსავლების მხრიდან – 5-ჯერ გაიზარდა ფულადი გადმორიცხვები რუსეთის ფედერაციიდან. ყოველივე ეს საფრთხის შემცველად უნდა განვიხილოთ, რადგან ისევე როგორც წინა წლებში, რუსეთმა შეიძლება გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაგვიწესოს, რითაც ეკონომიკური ზიანი მიადგება საქართველოს. აღნიშნული ზიანის თავიდან ასაცილებლად კი მოგვიწიოს პოლიტიკური ფასის გადახდა.

რა არის აქედან გამოსავალი? არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს საქართველომ ის წინსვლა, რაც პოსტპანდემიის პირობებში ეკონომიკის გახსნის შედეგად მიაღწია. უნდა გამოვყოთ სამი მთავარი ფაქტორი, რომელთა განხორციელებით გარკვეულწილად შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხი და თავიდან იქნება აცილებული ის პოტენციური ნეგატიური შოკები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად არის გამოწვეული მსოფლიოში. კერძოდ, პოსტპანდემიურ პერიოდში, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომი დაემატა, უნდა განხორციელდეს ექსპორტის დივერსიფიკაცია, რათა ათვისებულ იქნეს მაღალგანვითარებული ქვეყნები. აღნიშნული ღონისძიებები განსაკუთრებული აქტიურობით ღვინის ექსპორტის მიმართულებით უნდა განხორციელდეს, რათა შემცირდეს რუსეთის წილი ღვინის ექსპორტზე; ხელი უნდა შეეწყოს ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა თუ წარმოების განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი კი ხორბლის წარმოებაზე უნდა გაკეთდეს, ხოლო თუ ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, იმპორტის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მისი სრული დივერსიფიცირება; ტურიზმის მიმართულებით მთავარი სამიზნე ჯგუფები უნდა გახდეს მაღალბიუჯეტიანი ქვეყნები, შესაბამისად მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები სწორედ ამგვარი ქვეყნებისკენ უნდა მიემართოს.

განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, კერძოდ, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურაზე და ახალი პორტების მშენებლობაზე, ისე არსებულის მოდერნიზაციაზე, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება. ამ მხრივ შუა დერეფანს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, ანაკლიის პორტის პროექტს კი შეუძლია საქართველო გახადოს ლოგისტიკურ ჰაბად რეგიონში. მთავრობის განაცხადი, რომ იგი იქნება მთავარი მეწილე აღნიშნულ პროექტში, ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს რამდენიმე მიმართულებით. ერთი მხრივ დარეგულირდება სატერმინალო მომსახურების საფასური, ხოლო მეორე მხრივ დააკმაყოფილებს გლობალური ბაზრების მხრიდან გადაზიდვის სერვისზე არსებული მოთხოვნის ნახევარს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი): საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, 2023 წლის იანვარ-თებერვალი (ექსპრეს მონაცემები);
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი): პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2022 წელს (წინასწარი);
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი): მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში 2022 წელს (წინასწარი მონაცემები);
  4. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: წლიური ანგარიში 2019, 2020 და 2021 წელს;
  5. საქართველოს ეროვნული ბანკი: სტატისტიკური მონაცემები ბანკიhttps://nbg.gov.ge/statistics/statistics-data
  6. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, 2021 და 2022 წლის ენერგეტიკული ბალანსი;
  7. PMCG - Wheat and flour sector in Georgia, 2021;
  8. https://www.bbc.com/news/business-60509453
  9. https://www.vox.com/future- perfect/2022/2/27/22950805/russia-ukraine- food-prices-hunger-invasion-warhttps://www.reuters.com/world /europe/eu-says-expects-more-than-7- million-displaced-ukrainians-2022-02-27/